თეგი: დიმიტრი აბდუშელიშვილი

დიმიტრი აბდუშელიშვილი: სად გვინდა? იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალია, განათლება განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ

ბიზნესმენის და მეცენატის, დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. „ოდესმე თუ სადმე მინდოდა ცხოვრება, ეს ჩემი ქვეყანა იყო. მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, დიდხანს მიცხოვრია უცხოეთშიც მაგრამ, ჩემი მთავარი სახლი მაინც სულ საქართველოში იყო... ამ ჩვენს მშვენიერ ქვეყანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მაგარი ქვეყანა იყოს, ჩვენი ნიჭიერი ხალხი კი ბედნიერი, რეალიზებული, დასაქმებული და არა სხვისი ხელის შემყურე...არადა ამისკენ მიმავალი გზა სწორედ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადის. დღეს უპატიებელი იქნება, გზები აგვერიოს...საქართველოს ისტორია, რომელიმე პარტიის ისტორიით არ იწყება და არ მთავრდება, არც ყავლგასული ვაი პოლიტიკოსებით, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე მზად არიან. ამიტომ ახალგაზრდა, გაუსვრელ მომავალ თაობას გაუმარჯოს და მათ არჩევანს. საქართველოს ხალხის არჩევანს. ყველაზე დიდი კავშირი ესაა, როცა ვინმეს უკავშირდები ფასეულობებით და ღირებულებებით, ჩვენ სხვა თავსმოხვეულმა კავშირებმა, რომლებიც არ აგვირჩევია, ისედაც დაგვწია უკან, ხოდა ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. P.S. მამა ერთ-ერთი იყო, ვისაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. მე მგონია, იმ ემოციების და გზის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნავს დიმიტრი აბდუშელიშვილი.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ყველა რუსს, ვინც საქართველოში ეძებს თავშესაფარს, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული

ბიზნესმენის და მეცენატის დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ყველა რუსს, ვინც საქართველოში ეძებს თავშესაფარს, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული. ამასთან, საჭიროა გარკეულ რეგულაციაზე ფიქრიც, იქნება ეს მათი ადგილზე ყოფნის ვადები თუ ასე შემდეგ. „ამ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში გადავაწყდი საქართველოში შემოსული რიგი რუსი მოქალაქეების ,,აღშფოთებას'', რომ თურმე, საზოგადოებრივ თუ საყოფაცხოვრებო ლოკაციებზე, სათანადო ჰიგიენური პირობები და კომფორტი არ არის და მეტიც, ანტისანიტარია ხვდებათ... მე ქსენოფობიას ვერავინ დამწამებს, თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობარი და ნაცნობი, მათ შორის ცხადია, რუსეთშიც. არც ამ სტატუს ვანზოგადებ ყველა რუსულენოვანზე, ვინც მართლა დევნილი და რეპრესირებულია რეჟიმისგან. მე ვსაუბრობ მხოლოდ სანქციების დისკომფორტს გამორიდებულ უტიფარ რუსებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ უჭირთ გააზრება, რომ თავშესაფარს მათსავე დაპყრობილ ქვეყანაში ეძებენ და პლუს ჰიგიენურ პირობებს უწუნებენ და ამაზე ბედავენ და წუწუნებენ კიდეც... ჩვენ მათსავით ხომ არ ვიქცევით არა? 2006 წელს, მართლა ეთნიკური ნიშნით არ გამოადეპორტეს ასობით ქართველი? მათდამი არაადამიანური მოპყრობა და ეთნიკური ნიშნით დევნა, სტრასბურგის სასამართლომაც კი ცნო. მაგრამ ეს რა მოსატანია უკვე 2008 წელთან... ცხადია, მაშინაც იყვნენ, ახლაც არიან რუსები, რომლებიც ამ ყველაფერს ტრაგედიად აღიქვამენ, ვინც თავადაც, პუტინის რეჟიმის მსხვერლად მიიჩნევს თავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა მათგანს, ვინც საქართველოში ეძებს ან იპოვა თავშესაფარი, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული; რომ უკრაინაზე თავდასხმა და უამრავი მსხვერპლი, დევნილი უკრაინელი მათი დანაშაულებრივი რეჟიმის შედეგია... გააზრებული უნდა ჰქონდეთ ისიც, რომ საქართველო უკრაინასთანაა ამ ომში, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის ცივილური ნაწილი; რომ საქართველოში, თავიანთსავე ქვეყანაში, დევნილობაში, ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს ასობით ათასი ადამიანი... შეუძლიათ შემოსვლა, როცა ამ ყველაფერს გაიაზრებენ... ამაზე კი, გულწრფელად ვფიქრობ, რაღაც რეგულაცია არის მოსაფიქრებელი... იქნება ეს მათი ადგილზე ყოფნის ვადები თუ ასე შემდეგ... P.S. ისე კი მიუხედავად ყველა იმ სიმძიმისა, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ოკუპირებულ ქვეყანას, მაინც ვიტყოდი, რომ რუსი მოქალაქეების დასაცინი და დასაწუნი, საერთოდ არაფერი არ გვაქვს... არც ჰიგიენა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - წერს ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში.

ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის და Wondernet Express Investment Group-ის გადაწყვეტილებით, უკრაინაში სოლიდური რაოდენობის გენერატორები და მედიკამენტები გაიგზავნა

ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „Wondernet Express Investment Group”-ის გადაწყვეტილებით, უკრაინაში სოლიდური რაოდენობის გენერატორები და მედიკამენტები გაიგზავნა. უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი გზავნილი, დღეს ერთად გააცილეს თავად კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა და კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია,რომ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, კომპანიის და მისი დამფუძნებლების მხრიდან, ამ წლის მანძილზე არაერთი ჰუმანიტარული სახის დახმარება განხორციელდა. ამა წლის მარტის თვეში საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიამ Wondernet Express Investmen group-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად კომპანიის სახელით ერთი მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები, პირველადი მოხმარების სასურსათო და საყოფაცხოვრებო ნივთები გაააგზავნა უკრაინაში, ასევე კომპანიის და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი აბდუშელიშვილის გადაწყვეტილებით და ფინანსური მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ქალაქებში გაიგზავნა ორი თვითმფრინავი, ომს გამოქცეული ოჯახების, ბავშვების და ქალების საქართველოში გადმოსაყვანად.

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე რომ შევძლოთ და ვიპოვოთ გზა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების, იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  წინა კვირას პარიზში, ჩემს მეგობარს და ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს ხელოვანს გუჯი ამაშუკელს შევხვდი. გუჯისთან ყოველი შეხვედრისას, ვიაზრებდი მის უკიდეგანო ნიჭს, შემოქმედების მასშტაბურობას და ვიაზრებდი იმასაც, სად და როგორ მიაღწია ამ აღიარებას ერთმა უბრალო ქართველმა ბიჭმა... მსოფლიოს კულტურის და ხელოვნების ნამდვილ მექაში...პარიზში...ხოლო დღეს მისი ხელთნაკეთი ნივთები მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმებსა და კოლექციებშია... ლუვრიდან დაწყებული ვატიკანამდე და ასე შემდეგ... მასთანაც მისაუბრია და სულ ვფიქრობ, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან და ყველა სფეროში გვყავს გამორჩეული ქართველები, ოპერა, მხატვრობა, ლიტერატურა, მედიცინა, ინჟინერია, სპორტი და ასე შემდეგ... გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ან გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რაჭველი უბრალო ბიჭი, რომელმაც პირველმა დანერგა სიახლე ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლების ე.წ. "Babel Lamps", გამოშვებით. ან მეტი რა უნდა ქნას ჩვენმა პატარა ქვეყანამ, რომ თბილისში დაბადებულ ბიჭს ალექსანდრე ქართველს, (ქართველიშვილს), ეწოდებოდეს აშშ-ის ავიამშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი პიონერი და მას მიიჩნევდნენ აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. პირადად ჩემთვის განსაკუთრებული მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც თავის მრავალმხრივი განათლებით, უნიკალურ და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ჩაუყარა საფუძველი: ამოაშრო ჭაობები, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. და ეს მცირე ჩამონათვალია მხოლოდ. ყველას ვერც ჩამოვთვლი, უფრო შორეულ წარსულში ქალი გვყავდა მეფედ და რეფორმატორად, მაშინ, როცა ქალისა და კაცის თანასწორობაზე ჯერ დავასაც ვერ ბედავდნენ ბევრგან... ვეფხისტყაოსანს ვწერდით, ვომობდით, ვიცავდით, ვქმნიდით, ვაშენებდით... შორს რომ არ წავიდეთ, დღეს რამდენი ადამიანი გვყავს გამორჩეული, თავისი საქმის პროფესიონალი. აგერ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ლაშა ტალახაძე ქართველია და რახანია, მხოლოდ საკუთარ რეკორდებს ხსნის, კონკურენტიც კი არ ჰყავს, ჩვენი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, როგორც უწოდებენ ჭადრაკის დედოფალი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, პიანისტები, საოპერო მომღერლები, კულტურის, მეცნიერების სფეროში მსოფლიოში მიმოფანტული, აღიარებული და დაფასებული ქართველები. ეს ყველაფერი კიდევ იმას მოვაყოლე, რომ რა ფენომენია ეს, ერთ პატარა ქვეყანას, სულ რომ ერთ დღეში შეგიძლია, მოიარო, ამდენი ნიჭიერი ადამიანი ჰყავდეს, ამდენი რესურსი და პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, გინდ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, გინდ ადამიანური რესურსიდან და ამის მაგივრად ერთმანეთთან კინკლაობასა და კამათში ატარებდეს თუ კარგავდეს დროს. აი, დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან, ერთი წელია, ეს ქვეყანა იცავს თავის მიწა-წყალს, თავის ქვეყანას... და როგორ შეიკრა და ერთიანი გახდა საზოგადოება... ერთი მიზანი დაისახა...რომ გაიმარჯვონ მტერზე. გამარჯვების მერე, ალბათ ოპონირებაც ექნებათ ერთმანეთში, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გაუკრიტიკებენ ერთმანეთს, აირჩევენ, გადაირჩევენ, მაგრამ გადამწყვეტ და გარდამტეხ მომენტში ერთად დადგნენ და სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველაზე მაღალ თამასაზე ასწიეს... ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან, ჩვენ ჯერ კიდევ ვიშუშებთ ბოლო ომიდან მოყენებულ ჭრილობებს, და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მტრისგან... უბრალოდ, აი ახლა, ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ შევძლოთ და ვიპოვოთ გზა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების, დაგვავიწყებინა ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა, რომ მინიმუმ გვასწავლა მაინც, როგორ გვეხარა ერთმანეთის წარმატებით, იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის... ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანისთვის, რომელიც უალტერნატივოა, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის... მე ჩვენი ნიჭიერი, შრომისმოყვარე მომავალი თაობა მეიმედება.. მათი განათლება, მათი უნარები, პატრიოტიზმი და არჩევანი მაიმედებს. მათ მიმართ ჩვენი ვალი კი, მინიმუმ ისაა, ერთიანობისკენ მიმავალი გზა გავუკაფოთ...ერთმანეთისკენ მიმავალი. ეს მაინც გავაკეთოთ... Слава Україні!#საქართველოსგაუმარჯოს  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: 9 აპრილი ხომ სამშობლოს სიყვარულსა და მის დამოუკიდებლობას თავშეწირული გმირების დღეა, ღირებულებისთვის ბრძოლა წაუგებელი ბრძოლაა

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  „დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეცაა, შემთხვევითი არ იყო დამთხვევაც - 9 აპრილი ხომ სამშობლოს სიყვარულსა და მის დამოუკიდებლობას თავშეწირული გმირების დღეა... იმ საოცარი თანამოქალაქეების დღე, ტანკებს, ტყვიებს რომ ეგებებოდნენ შეძახილით - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტიც მათზე დგას ზუსტად, მათ ეძღვნებათ, ქვეყნის თავისუფლებას შეწირულ ადამიანებს, ჩვენთვის ცნობილ თუ უცნობ გმირებს, იქნება ეს ისტორიის უფრო შორეული წარსულიდან თუ 9 აპრილის დღიდან, ანწუხელიძეს, სოფრომაძეს, და სხვათა და სხვათა... ყველას, ვინც ჩვენს თავისუფლებას თავი შესწირა...ჩვენი უკეთესი მომავლისთვის თავი გადადო. მთელი ჩვენი ისტორიაც სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სწორედ ეს გამოგვარჩევდა და გადაგვარჩენდა კიდეც ... რადგან ღირებულებისთვის ბრძოლა წაუგებელი ბრძოლაა. 9 აპრილი, რეფერენდუმი, შემდეგ დამოუკიდებლობის აქტის მიღება, ამ ყველაფრის მთავარი მუხტი და განწყობა კი იყო ჩვენი ქართველი ხალხის ერთიანობა, ეროვნული თანხმობა ჩვენს საერთო მომავალზე. ჩვენი საერთო მომავალი კი ცივილიზებულ სამყაროშია, სადაც ქვეყნები და ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის თავისუფლებას, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ფასეულობებსა და ღირებულებებს, სადაც დაცულია და ხელშეუხებელია ადამიანის უფლებები. P.s. მე ყოველთვის მეამაყებოდა, რომ მამა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერია...მისი არჩევანი, სწორ მხარეს დგომის და ყოფნის უალტერნატივობა, მისი პრინციპები ,ჩემთვის ძალიან ძვირფასია, საამაყო და საპასუხისმგებლოც ამავდროულად. #მადლობა თავისუფლებისთვის #წინ ევროპისკენ  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირებისაა ეს დღე, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს. „ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დღეა - დამოუკიდებლობის დღე. საერო ცხოვრებაში, თუ რაიმე სიტყვას უხდება დღე-სასწაული, ეს დღეა. თუ რაიმე გვკრავს, გვაერთიანებს, ემოციურად გვმუხტავს, ეს დღეა და ეს დღე მართლაც ჩვენია, ჩვენი საერთო დღესასწაულია. არ არსებობს, უფრო აღმატებული, უფრო ამაღლებული, ვიდრე ფასეულობებია და ამ ფასეულობებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება სწორედ ასეთი ფასეულობაა. სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა. ის ამბობდა, რომ თავისუფლებას შენარჩუნება უნდა, არასდროს უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. ასეა, მოპოვებულსაც დაფასება და მუდმივი მოფრთხილება სჭირდება. ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის შრომა გვჭირდება, განათლება, ბევრი პროფესიონალი, რადგან პროფესიონალიზმი პატრიოტიზმიცაა, ხოლო თავისუფლება პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. რამდენი მამულიშვილის ოცნება იყო ამ დღეს მოსწრებოდა, რამდენს მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს დღე გარდაუვალად დადგებოდა და სიცოცხლეს სწირავდა, რადგან სწამდა, სჯეროდა, ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის. ეს დღე მათი გამარჯვების დღეა, გულაგებში, გადასახლებებში, ომებში დაღუპული, დახვრეტილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას თავშეწირული თანამემამულეების დღეა, გიორგი ანწუხელიძისაა ეს დღე, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირების, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში, იმ ბიჭების და გოგოების გამარჯვების დღეა. გაუმარჯოს ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაუმარჯოს! დიდება გმირებს! წინ ევროპისკენ! წინ განვითარებისკენ!